ექსკლუზივი: ჯაბა სამუშიას კავშირები - ვინ არის სკანდალში გახვეული თსუ-ს რექტორის კურატორი ქართული ოცნებიდან?

23.11.24 20:46
ექსკლუზივი: ჯაბა სამუშიას კავშირები - ვინ არის სკანდალში გახვეული თსუ-ს რექტორის კურატორი ქართული ოცნებიდან?

პირველი ინტერვიუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, რომელიც სტუდენტებს კართან პოლიციის კორდონს ახვედრებს და სტუდენტების დასარბევად გაგზავნილ ნიღბიანებს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დაბანაკების უფლებას აძლევს. 

"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას პირდაპირი კავშირი აქვს სპეცსამსახურების ერთ-ერთ შეფთან, ანზორ ჩუბინიძესთან.

სდსს-ს შეფთან, მჭიდრო ნათესაური კავშირის შესახებ, ჯაბა სამუშიამ, კამერასთან დაადასტურა. მისივე განმარტებით, თსუს რექტორს, ანზორ ჩუბინიძესთან ნათელმირონობა და მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. 

ჯაბა სამუშია 2012 წლამდე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და თბილისის საკრებულოში ამავე პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყო, ის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. "ქრისტიან დემოკრატიულ" პარტიას კი ბიძინა ივანიშვილმა წითელი ხაზი პოლიტიკაში შემოსვლისთანავე გადაუსვა, "ფსევდო ოპოზიციად" შერაცხა და მათთან თანამშრომლობა გამორიცხა, თუმცა ჯაბა სამუშია, 2013 წლიდან ქართული ოცნების რიგებში მაინც მიიღეს. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მაშინ ივანიშვილთან სავალი გზები სამუშიას ანზორ ჩუბინიძემ გაუკვალა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფი და ივანიშვილის სანდო კაცია. 

ანზორ ჩუბინიძემ  "შაბათის ეთერს" სამუშიასთან სიახლოვის დეტალები კიდევ უფრო დააზუსტა - როგორც გაირკვა, სდსს-ს შეფი, თსუს რექტორის მეჯვარე იყო და მისი შვილის ნათლიაცაა.

ანზორ ჩუბინიძეს წამოცდა, რომ ჯაბა სამუშიასთვის მასთან მეგობრობა "მხოლოდ კარგის მომტანია". 

ეს ყველაფერი არ არის, როგორც "შაბათის ეთერს" წყაროი უყვება, საკრებულოდან წამოსვლის შემდეგ, ჯაბა სამუშიას გავლენები, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მაინც დარჩა - ნინო გძელიძე და ნიკოლოზ გძელიძე, სამუშიას ცოლი და ცოლისძმა არიან. ერთი კულტურისა და განათლების, მეორე კი სარევიზიო კომისიაშია დასაქმებული. 

რაც შეეხება ჯაბა სამუშიას ქონებას - ჟურნალისტური მოკვლევის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სამუშიამ მისი ბოლო შენაძენი, 80 წლის მამაზე გააფორმა. შესაბამისად, ჟღენტის ქუჩაზე არსებული 151 კვადრატი, ჯაბა სამუშიას არც ბოლო დეკლარაციაშია შეტანილი. 

რექტორი, რომელმაც უნივერსიტეტის კარი სტუდენტებს ჩაუკეტა და სპეცრაზმს გაუღო - ნახეთ მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები