ხაზარაძე: ბოლშევიკები ამ ქვეყანას არ სჭირდება, ხელისუფლებაში ბევრი ბოლშევიკი და რუსი გვყავს
"ერი, რომელიც გადარჩენისთვის არ იბრძვის, ის ერი ქრება, ჩვენ ახლა გვაქვს გადარჩენისთვის ბრძოლა, სად იქნება ჩვენი ქვეყანა"- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
ოპოზიციის ლდერი დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციას შეუერთდა. მისი თქმით, ახლა ქვეყნის ბედი წყდება - "საქართველო იქნება ცივილიზებულ სამყაროში, თუ ისევ რუსეთში, ჭაობში, რომელშიც 70 წელი ვოყავით".
ბოლშევიკები ამ ქვეყანას არ სჭირდება, თუმცა ძალიან ბევრი ბოლშევიკი გვყავს ხელისუფლებაში, ბევრი რუსი გვყავს ხელისუფლებაში. ყველაფერს თავისი სახელი მინდა, დავარქვა - ის რაც ამ არცევნებით გაკეთდა, კონსტიტუციური გადატრიალებაა. ამიტომ პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი და სადაც იქნება უსამართლობა იქ უნდა ვიდგეთ!"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ქართულ ოცნებას არც დასავლეთის და არც ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა არ აქვს:
„დიდხანს ვერ გაძლებს [ქართული ოცნება]. გახსოვთ 4 წლის წინაც ეს პროტესტი შარლ მიშელის დოკუმენტით დასრულდა, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ერთ-ერთ მთავარ პარტიას ნებისყოფა არ ეყო და პარლამენტში ხელმოწერის გარეშე შევიდა. ეს იყო ამ პროექტის ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ, სიმართლე უნდა ვთქვათ, რა შეცდომები იქნა დაშვებული.
ახლა, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ესენი მარტო დიდხანს ვერ გაძლებენ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა დასავლეთ სამყაროსგან და არ აქვთ ამომრჩევლის მხარდაჭერა“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძე ალტერნატიული, „სახალხო პარლამენტის“ შეიქმნის აუცილებლობაზე საუბრობს, სადაც მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები დამოუკიდებელ და ცალკე პოლიტიკურ ცენტრს შექმნიან.
ქუჩაში დგომა, ძალიან აუცილებელია, თუმცა საჭიროა, სხვა მეთოდების ჩართვაც. ჩვენ გავაჟღერეთ, რომ ინტენსიურად ყველასთან გვინდა კომუნიკაცია, რომ ალტერნატიული, სახალხო პარლამენტი შევქმნათ, სადაც გამარჯვებული ოპოზიციონერი დეპუტატები დამოუკიდებელ, ცალკე პოლიტიკურ ცენტრს შექმნიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობის თვალსაზრისით და თუნდაც ასეთი აქციების უფრო მასშტაბური დაგეგმვისათვის. ეს მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად არის დასაწყები“, - განაცხადა ხაზარაძემ.