სპეცოპერაცია ურჩი პრეზიდენტის წინააღმდეგ - ბოკერია "ოცნების" გეგმებზე საუბრობს
"ფედერალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის შეცვლას დაჩქარებულად შეეცდება. პოლიტიკოსის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი დღესდღეობით ერთადერთია, რომელიც ქვეყნის სამსახურში იყო. მისი თქმით, ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით ზურაბიშვილი თანმიმდევრული იყო, რაც "ოცნების" პოლიტიკასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის.
სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში იყო. რა კრიტიკაც არ უნდა გვქონდეს და მე არ შემიცვლია ჩემი აზრი იმ ბევრ საკითხში, რომელზეც ძალიან კრიტიკული ვიყავი წარსულში და ახლაც იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მან მიიღო ან არ მიიღო. მაგრამ, ჩვენთვის ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით სად არის საქართველოს ადგილი - თავისუფალ მსოფლიოში თუ პოსტსაბჭოთა ჭაობში, ამ საკითხში სალომე ზურაბიშვილი იყო თანმიმდევრული ამ ბოლო პერიოდში და ეს არის სრულ წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად დღევანდელ ვითარებას გამოიყენებენ და მათთვის სასურველ პრეზიდენტს გაიყვანენ, - ამბობს გიგია ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი პარლამენტის პირველი სესიისთვის ემზადება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. საკანონმდებლო ორგანოს გარეთპროდასავლური ოპოზიცია და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაც.