ამ პარლამენტის არჩეული პრეზიდენტი რუსეთის "ნამესნიკი" იქნება - მარგველაშვილი
მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე მარტოდ დარჩენილი "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატობიდან სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას ფორსირებულ რეჟიმში ცდილობს.
ამის პარალელურად, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ "ამ პარლამენტის არჩეული პრეზიდენტი რუსეთის "ნამესნიკი" იქნება.
რეჟიმს აქვს თავისი შიში და ბუნებრივია, ნებისმიერმა ასეთმა რეჟიმმა უნდა გააფორმოს ე.წ. სამართლებრივი სტრუქტურები, რაც არის აბსურდი. ამ პარლამენტის არჩეული პრეზიდენტი იქნება "ნამესნიკი". ის იქნება კრემლის "ნამესნიკი" და ვერ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. იმ ადამიანს არავინ არ უნდა დაუძახოს პრეზიდენტი. ერთადერთი ტერმინი, რაც შეიძლება გამოიყენო, ეს არის "ნამესნიკი"", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
ცნობისთვის, შავლა პაპუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს. მისივე თქმით, მნიშვნალოვანია, პრეზიდენტის არჩევნები და ინაუგურაცია ამ წელსვე ჩატარდეს.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.
სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.
პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.