მთავრობა ახალი კადრებით კომპლექტდება - კობახიძემ ყოფილი პრემიერის გარემოცვის წევრები სახლში გაუშვა
ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტში სამი მინისტრი ისე ჩაანაცვლა, რომ დარჩიაშვილი, ბრეგაძე და შამუგია სიმბოლურად ბრიფინგზეც კი არ მდგარან. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა მაკა ბოჭორიშვილმა უნდა დაიკავოს, ბრეგაძის იუსტიციაში ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს, სოფლის მეურნეობის მინისტრი კი დავით სონღულაშვილი ხდება.
პარლამენტიდან მთავრობაში კობახიძემ მისი კადრები წაიყვანა. გაშვებულებს კი მაღალ თანამდებობებს ჰპირდება.
პრემიერი მაკა ბოჭორიშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს აბარებს იმ დროს, როდესაც ქვეყანა სრულ იზოლაციაშია მოქცეული, ევროკავშირს კი განცხადებული აქვს, რომ მთავრობიდან არავის შეხვდება, რადგან მაღალი დონის მოლაპარაკებები გაუქმებულია.
ბოჭორიშვილი ვერ ამბობს, სად ექნება პირველი ვიზიტი და არც გაშვებული მინისტრები ამბობენ, სად მიდიან. დღეს კობახიძემ ღარიბაშვილის თანამებრძოლებისგან მთავრობა საბოლოოდ გაწმინდა და გაუშვა ყველა, ვინც ყოფილ პრემიერთან ასოცირდებოდა. სკანდალის თავიდან ასაცილებლად კობახიძემ გაშვებულებზე თქვა, რომ მაღალ თანამდებობებს უმზადებს, თუმცა სად, აღარ დაუკონკრეტებია.
ყველაზე მძიმე ტვირთი ახალ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატზეა. მაკა ბოჭორიშვილმა უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან უნდა უმტკიცოს ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანას, რომ კურსი რუსეთისკენ არ შეატრიალეს და ამერიკის შეერთებულ შტატებს გადააფიქრებინოს ბიძინა ივანიშვილის დასანცირების გადაწყვეტილება, გააუქმებინოს მოსამართლეებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის და "ქართული ოცნების" წევრებისთვის დაწესებული ფინანსური და სავიზო სანქციები.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.