სრული ლეგიტიმაცია საკუთარ პარტიაში - "ოცნებამ" მისი მმართველი კიდევ ერთხელ აღიარა და უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა
სრული ლეგიტიმაცია საკუთარ პარტიაში - არჩევნების შემდეგ პარლამენტის პირველი სხდომის რეალური შედეგი მხოლოდ ასეთია. "ქართულმა ოცნებამ" მისი მმართველი კიდევ ერთხელ აღიარა, უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა და მის წინაშე ერთგულების ფიცი დადო.
დაიფიცა ივანიშვილმაც, თუმცა ის დეპუტატობას არ აპირებს. ბიძინა ივანიშვილი დღეს პირველად მივიდა საკანონმდებლო ორგანოში და ალბათ, უკანასკნელად. ღილაკზე თითის დაჭერა ბოლოს თავადაც ისწავლა, მანამდე კი საპარლამენტო საქმიანობის ანაბანა გვერდით მჯდომმა ირაკლი კობახიძემ გააცნო.
და ეს ყველაფერი არ არის, უხუცესმა დეპუტატმა ლადო კახაძემ მადლიერების გამო ლიდერის ხელი ჩაიხუტა და რამდენჯერაც შანსი მიეცა, იმდენჯერ გადაკოცნა. პერსონალურად მას უხდიდნენ მადლობას სხვებიც გულზე ხელით და თავით დაბლა. მოწიწება ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დამალა.
დარბაზში არავინ იყო ისეთი, ვინც სხვანაირად ფიქრობდა. ახალი პარლამენტის უფლებამოსილებას მხოლოდ ეს 100-მდე კაცი აღიარებს. მათ შორის არ იყო პრეზიდენტი, არც ოპოზიცია, არც დიპლომატიური კორპუსი, არც პატრიარქის მოსაყდრე შიო და არც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.