უწყვეტი პროტესტის 24 საათი - მოქალაქეები არალეგიტიმური პარლამენტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ
უწყვეტი პროტესტის 24 საათი - საქართველოს მოქალაქეები "ქართული ოცნებისა" და არალეგიტიმური პარლამენტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ადამიანები, ვისაც ხმები მოპარეს და ევროპული მომავალი წაართვეს, გაჩერებას არ აპირებენ.
"ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ყოველდღიურ პროტესტში ჩავერთოთ" - ამბობს ხალხი, რომელმაც ბოლო 1 დღე ქუჩაში გაატარა და არაკონსტიტუციურ პარლამენტში მისული მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის ხმის მიწვდენას ცდილობდა.
12-წლიანი რუსული ხელისუფლება, რომელიც ატარებს რუსულ სპეცოპერაციას და არ მიდის, როგორც ჩანს. შესაბამისად ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება და პირადად მეც მზად ვარ იმისთვის, რომ ყოველდღიურ პროტესტში ჩავერთო, ჩემი მკაფიო აზრი დავაფიქსირო და იმედი მაქვს, განსხვავებით დღევანდელ დღესთან, უფრო მეტად ორგანიზებული აქციები იქნება, შემდეგში უფრო მეტი კოორდინაცია იქნება ოპოზიციასთან მიმართებით'', - ამბობს აქტივისტი ჟორჟ ჟამერაშვილი.
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე კი მიიჩნევს, რომ უკან დახევის დრო არ არის, რადგან "ქართული ოცნების" დასასრულებლად მშვიდობიანი გზით ბრძოლის გაგრძელებაა საჭირო.
გულუბრყვილობა იქნებოდა, რომ გვეფიქრა, რომ დღეს რამე გადაწყდებოდა. დღეს მთავარია ჩვენა ვნახეთ ''ოცნების'' სახე, რომ მათ არაფრის არ რცხვენიათ, არაფერზე უკან არ დაიხევენ და გააგრძელებენ თავის უკანონობას. ასე, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მშვიდობიანი გზით უნდა მივაღწიოთ წარმატებას, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. ჩვენი ძალა არის ერთობაში, გამოსვლაში. ნურავინ ნუ იტყვის, რომ ერთ კვირაში ეს საქმე მორჩება არა'', - ამბობს პაატა ბურჭულაძე.
"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.
სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.
პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.