ფაქტობრივად, რეჟიმმა დღეს სახელმწიფოს გაუქმება გაიფორმა - სამადაშვილი

25.11.24 21:29
ფაქტობრივად, რეჟიმმა დღეს სახელმწიფოს გაუქმება გაიფორმა - სამადაშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ დღეს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვით, "რეჟიმმა სახელმწიფოს გაუქმება გაიფორმა".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა ბრძოლა საწყის ეტაპზეა, რისთვისაც მისივე განმარტებით, საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა ძალა მოიკრიბოს და "ქართულ ოცნებაზე" გამარჯვებით დაასრულოს.

საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ არ ვიღებთ იმ რეალობას, რომელიც, ფაქტობრივად, დღეს გაფორმდა საბოლოოდ ქვეყანაში, რასაც ჰქვია არა მხოლოდ ევროპული მომავლის გაუქმება, არამედ სახელმწიფოს გაუქმება რეჟიმის მიერ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლის დასაწყის ეტაპზე და არავის არ  უნდა ჰქონოდა ილუზია, რომ დღევანდელ დღეს ეს ბრძოლა დასრულდებოდა'', - ამბობს სალომე სამადაშვილი.  

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.

სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია. 

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.

მსგავსი სიახლეები