ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად მორჩილ ადამიანს მოძებნის, არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილი იყოს - ბესელია

25.11.24 22:25
ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად მორჩილ ადამიანს მოძებნის, არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილი იყოს - ბესელია

"ქართული ოცნების" მიერ საქართველოს პრეზიდენტად წარსადგენი ახალი კანდიდატურის ფონზე, პარტია "სამართლიანობის" თავმჯდომარე, ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარსარდლის კანდიდატად უკიდურესად მორჩილ პიროვნებას დაასახელებს.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოს მე-6 პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი გახდეს, ეკა ბესელია პასუხობს: "არ არის გამორიცხული".

ამასთან, ბესელია ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარ თავს არ წარადგენს - "მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მაშინ უნდა დათმოს საფრანგეთის მოქალაქეობა".

მთავარი ნიშანი, რომლითაც ის შეარჩევს კანდიდატს, უნდა იყოს უკიდურესად მორჩილი. არავითარი სიურპრიზები არ უნდა იყოს მოსალოდნელი მომავალში. თავად შეიძლება ფიქრობდეს, მაგრამ მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მაშინ უნდა დათმოს საფრანგეთის მოქალაქეობა. რაღაც ექსპერიმენტებს არ ჩაატარებს და თუ თავად არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ძალიან ვიწრო წრეში მოძებნის საიმედო ადამიანს. არ არის გამორიცხული, რომ ეს ღარიბაშვილი იყოს. ამ პროცესში ყველაფერი ფორმალობა იქნება", - ამბობს ეკა ბესელია.  

ცნობისთვის, შავლა პაპუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს. მისივე თქმით, მნიშვნალოვანია, პრეზიდენტის არჩევნები და ინაუგურაცია ამ წელსვე ჩატარდეს.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.

სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია. 

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.

მსგავსი სიახლეები