დღეს "ოცნებამ" რუსული სტილის სპეცოპერაცია ჩაატარა - უგულავა

25.11.24 23:31
დღეს "ოცნებამ" რუსული სტილის სპეცოპერაცია ჩაატარა - უგულავა

"რუსული სტილის სპეცოპერაცია ჩაატარეს" - ასე აფასებს პოლიტიკოსი გიგი უგულავა "ტვ პირველის" ეთერში იზოლაციაში მოქცეული "ქართული ოცნების" მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას.

გიგი უგულავა მმართველი პარტიის პოლიტიკასა და რუსულ რეჟიმს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდის უკან პუტინი დგას, რომლის დამარცხებაც მისივე განმარტებით, ქუჩაში ხალხის გამოსვლის და ბოლომდე ბრძოლით არის შესაძლებელი.

ჩაატარეს რუსული სტილის სპეცოპერაცია. ხვალინდელი საქართველო გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე გუშინდელი იყო და ასეთ დროს არ ვაკეთებთ საკმარისს იმისთვის, რომ საზოგადოებას ერთიანობა ვანახოთ. ფაქტი არის ერთი, დღევანდელმა დღემ გვანახა, რომ ეს არის სისხლძარღვო, რუსული რეჟიმი, მისი კრიშა არის პუტინი. ის ძალიან ჰგავს და კიდევ უფრო დაემსგავსება ლუკაშენკოს რეჟიმს. ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა. საბოლოო ჯამში, ასეთ რეჟიმებს ქუჩაში გამოსული ხალხი ამარცხებს", - ამბობს გიგი უგულავა.

''ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.

სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია. 

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.

მსგავსი სიახლეები