სავიზო შეზღუდვები და სანქციების დაწესება - ევროპარლამენტი რეზოლუციის დამტკიცებისთვის ემზადება

26.11.24 11:38
სავიზო შეზღუდვები და სანქციების დაწესება - ევროპარლამენტი რეზოლუციის დამტკიცებისთვის ემზადება

საქართველოში ერთპარტიული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ევროპარლამენტის ვებგვერდზე პოლიტიკური ჯგუფების მიერ მომზადებული რეზოლუციის 6 სხვადასხვა პროექტი აიტვირთა. მიუხედავად მცირედი შინაარსობრივი განსხვავებისა, სარეზოლუციო დოკუმენტებით ევროპარლამენტარები სავიზო შეზღუდვების დაწესებასა და საქართველოს ოფიციალური პირების დასანქცირებას ითხოვენ. 

ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი ასევე გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების ობიექტური გამოძიება და საქართველოს მთავრობისთვის 100-მილიონიანი ევროს დაფინანსების გაყინვაა. "ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი" მხარს უჭერს ჯოზეფ ბორელის ინიციატივას, რომ მმართველი პარტიისთვის შესაწყვეტი დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოებასა და კრიტიკულ მედიას მოხმარდეს.

სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სავიზო მოთხოვნების შემოღება. ევროკავშირში მოგზაური ქართველი ოფიციალური პირებისთვის, მთავრობის ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) გადამისამართება საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა მოხდეს დემოკრატიული მდგრადობისა და საარჩევნო მთლიანობის ხელშემწყობი პროგრამების მხარდაჭერა", - წერია "ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფის" რეზოლუციის პროექტში. 

"მწვანეების" მიერ მომზადებულ სარეზოლუციო დოკუმენტში კი ნათქვამია, რომ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წინადადებას, გამოაგზავნოს საქართველოში ტექნიკური მისია, მიესალმება.

მეტიც, "მწვანეები" მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ტექნიკური მისია, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ ხმების მიტაცებასა და გაყალბებულ არჩევნებს გამოიძიებს, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიდეს. 

მიესალმება ჯოზეფ ბორელის წინადადებას ევროკავშირის ტექნიკური მისიის შესახებ, გამოიძიოს საქართველოში საარჩევნო გაყალბებისა და დარღვევების შესახებ ანგარიშები, რომელიც შეავსებს ეუთოს მოხსენებას უფრო ფართოდ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებში; სთხოვს ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს განათავსოს ეს მისია რაც შეიძლება მალე, რათა დასკვნები ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს. მოუწოდებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ ამ ტექნიკურ მისიას, საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტის ჩათვლით, და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის", - წერია "მწვანეების" სარეზოლუციო დოკუმენტში.

რაც შეეხებათ "სოციალ-დემოკრატებს", ისინი ქართულ პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებენ, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ინკლუზიურ დიალოგში ჩაერთონ. 

მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ძალებს და სამოქალაქო საზოგადოებას ჩაერთონ ინკლუზიურ დიალოგში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. მხარს უჭერს დროებითი ფაქტების დამდგენი მისიის საქართველოში გაგზავნას ევროპარლამენტის მონაწილეობით. მხარს უჭერს ფაქტების დამდგენი მისიის შედეგებს და დარღვევების აუცილებელ გამოძიებას. ახალი არჩევნების დროულ ორგანიზებას გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩათვლით", - წერია "სოციალ-დემოკრატების" პროექტში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი რეზოლუციას 28 ნოემბერს დაამტკიცებს.