"შეცდომებს აღარ დავუშვებთ" - "ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატს საკუთარ გუნდში ეძებს
"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ პრეზიდენტის კანდიდატს საკუთარი გუნდიდან წარადგენს. მმართველი გუნდის წევრი ლადო კახაძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა პარტიას იმედები გაუცრუა, ამიტომ საკითხს "მეტი ყურადღებით" მოეკიდებიან.
პოლიტსაბჭო არის გუნდის ნაწილი, მთავარი ნაწილი და ყველა საკითხი, რომელიც საკადრო იქნება თუ ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ქვეყნის სასარგებლოდ მიჩნეული, წყდება გუნდში. არცერთი (მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები) არ იყო „ოცნების“ კანდიდატი. ახლა ნებისმიერი კანდიდატი იქნება „ოცნებიდან“ წამოსული, - ამბობს ლადო კახაძე.
"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, რამინა ბერიძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობის განწყობა არ გამოხატა.
ჩვენთან გუნდში მოხდება განხილვა და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. საქართველოს მოსახლეობამ შეაფასა როგორი იყო წინა ორი პრეზიდენტი. მე ამ პრეზიდენტზე ვსაუბრობ, როგორიც იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, მან ჩვენი გუნდის და ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის განწყობა არ გამოხატა, - ამბობს რიმა ბერიძე.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი ირმა ზავრადაშვილი ირწმუნება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს "ეროვნულობის ნიშნით" აირჩევენ. ამასთან, დეპუტატი თავის დროზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიედნტად წარდგენას "შეცდომას" უწოდებს.
კანდიდატის არჩევნის ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს ეროვნული, თავის ქვეყანაზე მზრუნველი, ქართველი და თავისი ქვეყნის პრობლემები აწუხებდეს. შეცდომა იყო, ბოლო განსაკუთრებით, - ამბობს ირმა ზავრადაშვილი.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს "აგენტურული ქსელის წარმომადგენლად" მოიხსენიებს დეპუტატი ირაკლი კირცხალია. პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ ახალი პრეზიდენტი ზეპარტიული იქნება და ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს.
საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ზეპარტიული და უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იფიქრებს, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა ის აგენტურული ქსელის წარმომადგენელი, რომელსაც ვხედავთ ეს ბოლო წლებია განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილის სახით, - ამბობს ირაკლი კირცხალია.
დეპუტატი შოთა ხაბარელი ამბობს, რომ შეცდომებს, რომელიც დაუშვეს, აღარ გაიმეორებენ.
ვინ იქნება კანდიდატი, ჯერ არ ვიცი. ირაკლი ღარიბაშვილი სადაც არ უნდა იყოს, მან ისეთი პერიოდი გაიარა, იყო ორჯერ პრემიერ-მინისტრი და თავისი მოქმედებით დაამახსოვრა ხალხს თავი, რომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ის გზა, რომელიც გავიარეთ, იმ შეცდომებს აღარ დავუშვებთ, - ამბობს შოთა ხაბარელი.
საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდა.
საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით - საარჩევნო კოლეგიის მიერ 5 წლის ვადით აირჩევა. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება.
- 300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
- პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის ხმების 2/3, 200 ხმაა საჭირო. თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.