გვაჩვენეთ არაფარატინა ქაღალდი, რომელიც არჩევნების შედეგებს აღიარებს - ხიდაშელი "ოცნებას"

28.11.24 17:32
გვაჩვენეთ არაფარატინა ქაღალდი, რომელიც არჩევნების შედეგებს აღიარებს - ხიდაშელი "ოცნებას"

"ქართული ოცნების" მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის "ჩალის ფასად" გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი მმართველ პარტიას მოუწოდებს, გააცნოს საზოგადოებას "არაფარატინა ქაღალდი", რომელიც საერთაშორისო დონეზე არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას ანიჭებს.

თინა ხიდაშელი "პირველებთან" აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოსგან მილოცვა არ მიუღია, რაც ხიდაშელის განმარტებით, მიანიშნებს იმაზე, რომ ცივილური სამყარო შედეგებს არ აღიარებს.

რეზოლუცია კი არ მივიღეთ, უბრალოდ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ მიულოცავს. ჩვენ ხელისუფლებას დასჩემდა, რომ ევროპარლამენტი არ არის მნიშვნელოვანი, ევროპარლამენტის რეზოლუციები არ არის მნიშვნელოვანი, რომ ფარატინა ქაღალდებია.

არაფარატინა ქაღალდი და მნიშვნელოვანი გვაჩვენონ, რომელიც აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. გვაჩვენოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირი წევრი სახელმწიფოებიდან, უნგრეთის, სლოვაკეთის გარდა, რომელიმე დემოკრატიული სახელმწიფოსგან მილოცვის წერილი, არჩევნების აღიარება და დადასტურება. ეს არის პოლიტიკური არაღიარება, რომელიც უკვე სახეზეა და რომელსაც უკვე ვერაფერს ვეღარ უშვრება საქართველოს ხელისუფლება.

პოლიტიკური არაღიარება ნიშნავს იმას, რომ დიალოგის მაგიდები აღარ არსებობს საქართველოს ხელისუფლებასთან. მას ხელს არ ართმევენ, არ იწვევენ, მასთან არ ჩამოდიან. შესაბამისად არ არსებობს პოლიტიკური ურთიერთობა", - ამბობს თინა ხიდაშელი. 

ცნობისთვის, დღეს, 28 ნოემბერს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს და შალვა პაპუაშვილს სანქციები დაუწესდეს. ამასთან, ევროპარლამენტი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

ამის პარალელურად, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მათთვის "ჩალის ფასი" აქვს. თვითაღიარებული პრემიერი ირწმუნებოდა, რომ ეს დოკუმენტი მისთვის მხოლოდ ფარატინა ფურცელია და მისი შინაარსიც უინტერესოა.  

მსგავსი სიახლეები