ხაზარაძე: რუსულმა ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარების კარი ჩარაზა - ტამბოვისკენ მივემართებით

28.11.24 19:39
ხაზარაძე: რუსულმა ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარების კარი ჩარაზა - ტამბოვისკენ მივემართებით

"ქართული ოცნების" მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პირველი კომენტარი გააკეთა. 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მედიასთან განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდმა საქართველო იზოლაციაში მოაქცია, ევროპისკენ მიმავალი კარი გადაკეტა, რის გამოც ქვეყანა "ტამბოვისკენ მიემართება"

ეს არის პრაქტიკულად დე ფაქტო აღიარება, რასაც ისინი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ. ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ჩვენ დიდი ხანია ვიძახით, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება საქართველოში, რომელმაც ჩარაზა ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა კარი, მოაქცია ქვეყანა იზოლაციაში და გადაკეტა ევროპისკენ მიმავალი გზა.

პერსპექტივა ამ ქვეყანას, ამ ხელისუფლების პირობებში არ აქვს.  ტამბოვისკენ მიემართება ქვეყანა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო, მოღალატეობრივი ხელისუფლება ჩამოვაშოროთ მშვიდობიანად ახალი არჩევნების გზით", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.  

მსგავსი სიახლეები