გიორგი ვაშაძე: ხელისუფლებამ იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს
ხელისუფლებამ უკვე იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს, - ასე ეხმაურება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
გიორგი ვაშაძის თქმით, ახლა საჭიროა ქართველი ხალხის მხრიდან სწრაფი და შესაბამისი რეაგირება.
თვითმარქვია პრემიერის დღევანდელი განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე ცხადყოფს, რომ თვითგამოცხადებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უკვე იურიდიულადაც მოაწერა ხელი საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს.
სამწუხაროდ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ახლა საჭიროა ჩვენი, ქართველი ხალხის, მხრიდან სწრაფი და შესაბამისი რეაგირება.
მოვუწოდებ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, ჩვენს მოქალაქეებს დავდგეთ ერთად და გაბედულად ვიმოქმედოთ საქართველოს გადარჩენისთვის!“, - წერს გიორგი ვაშაძე.
"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.