დღეს, ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ - ევროკავშირის ელჩის პირველი კომენტარი

29.11.24 10:15
დღეს, ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ - ევროკავშირის ელჩის პირველი კომენტარი

დღეს, ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ - ასეთია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის პირველი რეაქცია მას შემდეგ, რაც „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააჩერა.

ჰერჩინსკის თქმით "გულსატკენია" კობახიძის გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არ არის დაინტერესებულ ევროინტეგრაციის გაგრძელებით.

რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას - ამბობს ჰერჩინსკი. 

ვფიქრობ, რომ დღეს, ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიხილეთ ბატონი კობახიძის გუშინდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გაგრძელებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულსატკენია.     მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა უფროსმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე“. ეს სიტყვები წარმართავდა ჩვენს მუშაობას ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს სიტყვები წარმართავდა ჩემს მუშაობას აქ, როგორც ევროკავშირის ელჩის, ორი წლის განმავლობაში. მე ძალიან ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა გადავწყვიტეთ საქართველოსთვის ჩვენი კარის გაღება. ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, როგორც მე მესმის, და ასევე ეწინააღმდეგება ქართველების დიდი უმრავლესობის ნებას", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. 

ჰერჩინსკის თქმით, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად სურს მათი ქვეყანა იყოს.

„რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება. ჩემი გზავნილი იქნება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალსხს, ჩვენ დაგელოდებით. ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ ის იყოს“, - აღნიშნა ელჩმა.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

შსს-ს ცნობით, გომელაურის პოლიციამ აქციაზე 43 ადამიანი დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები