"საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხმა წუხელ აჩვენა, რომ არ სურთ თავიანთი ქვეყანა რუსეთს დაუთმონ" - მიხელსონი
"საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხმა წუხელ თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში აჩვენა, რომ არ სურთ თავიანთი ქვეყანა დაუთმონ რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს" - ასე ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერებასთან დაკავშირებით ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი.
ევროკავშირმა არ უნდა აქციოს ზურგი უმწეოდ, არამედ უნდა აჩვენოს თავისი მხარდაჭერითა და ქმედებებით, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა ღირს.
რუსული იმპერიალიზმი რამდენიმე ფრონტზე მიიწევს წინ. საქართველო ერთ-ერთი ფრონტის ხაზია. თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და აღვადგინოთ ხანგრძლივი მშვიდობა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველას, ვინც მზად არის იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის.
ქართველი ხალხი არ დანებებულა. ახალი ევროკომისია ახლა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას."- წერს მიხელსონი.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.
ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
შსს-ს ცნობით, გომელაურის პოლიციამ აქციაზე 43 ადამიანი დააკავა.