"EU-მ უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები" - აუსტრევიჩუსი

29.11.24 12:30
"EU-მ უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები" - აუსტრევიჩუსი

 ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და "ოცნების" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

"მმართველმა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გადაწყვეტილება. პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთისადმი მიჯაჭვულობისკენ და დიდი გაურკვევლობისკენ მიჰყავს. ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები." - წერს ევროპარლამენტარი. 

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.