უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი - მეზვრიშვილი საჯარო მოხელეებს

29.11.24 12:54
უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი - მეზვრიშვილი საჯარო მოხელეებს

უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი, - ასე მიმართავს „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი საჯარო მოხელეებს.

ოპოზიციონერი ლიდერი საჯარო მოხელეებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს.

„საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა. ვიცი, თათბირს თათბირზე გიტარებენ, ცდილობენ გადაგარწმუნონ, მაგრამ ხვდებით, რომ სხვა საქართველოში გაიღვიძეთ. ვხედავ, ერთმანეთის ოთახებში, დერეფნებში ჩუმად როგორ იკრიბებით და გინდათ თქვენი ხმა ხალხს გააგონოთ.

ჰოდა, მეტი დრო აღარ გექნებათ პოზიციის დაფიქსირების. არასოდეს მითხოვია. ყოველთვის მესმოდა საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელი შეზღუდვები, მაგრამ ახლა აღარ არის ის „ყოველთვის”. ადამიანურად უმძიმესი იქნება რუსულ საქართველოში აღებული ხელფასი. უმორჩილესად გთხოვთ, მინიმუმ ხმა ამოიღოთ იმ ხალხის გასაგონად, ვინც ხელფასს გიხდით“,- წერს ნათია მეზვრიშვილი.

თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. 

გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა. 

ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები