გუშინდელმა ღამემ 9 აპრილის მოვლენები გაგვახსენა, როცა რუსული სპეცრაზმი გვარბევდა - გიორგი ლიფონავა
გუშინდელმა ღამემ 9 აპრილის მოვლენები გაგვახსენა, როცა რუსული სპეცრაზმი გვარბევდა - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
რეჟისორის მეგობარი გუშინდელ აქციაზე დააკავეს. ლიფონავას თქმით, ის ნაცემია.
დააკავეს ჩვენი მეგობარი მხატვარი, არ მახსოვს რა მომენტში, მაგრამ რაღაც დაშლის მომენტში. ვიცი, რომ ნაცემია მეტი არაფერი არ ვიცი. გუშინ ნახა ''ქართული ოცნების'' ნამდვილი სახე ქართულმა საზოგადოებამ. რა თქმა უნდა ბევრისთვის, როგორც ჩემთვის გაგვახსენა 9 აპრილის მოვლენები, როცა რუსული სპეცრაზმი გვარბევდა, ესენი ზუსტად იგივე მეთოდებით აკეთებენ ამას, ამბობენ რომ ისმოდა რუსული საუბრები ერთმანეთში'', - ამბობს გიორგი ლიფონავა.
იზოლატორები გადავსებულია. ამიტომ გომელაურის რაზმის წევრები ამ მომენტამდე ვერ ახერხებენ დროებითი მოთავსების საკნებში დაკავებულების შესახლებას.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.
ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
გომელაურის რაზმის წევრებმა აქციაზე 43 მშვიდობიანი მომიტინგე დააკავეს.