კობახიძე აქციაზე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას "შედეგს" უწოდებს

29.11.24 15:37
კობახიძე აქციაზე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას "შედეგს" უწოდებს

საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებთან ერთად დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები, ზოგიერთ მათგანს ქირურგიული დახმარებაც კი დასჭირდა, "პირველების" რეპორტიორებს წყლის ჭავლი დამიზნებით სტყორცნეს სახეში, ასხეს წიწაკის სპრეიც, თუმცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს უბრალოდ "შედეგია". 

კობახიძე ირწმუნება, რომ განსაკუთრებულად დაინტერესდება იმ ფაქტებით, რომელიც დაკავშირებულია ჟურნალისტების დაზიანებასთან.

„ძალიან სამწუხაროა. ეს ყველაფერი არის იმ ძალადობის შედეგი, რომელიც გუშინ ვიხილეთ. სისტემური, წინასწარ ორგანიზებული, დაგეგმილი ძალადობა იყო. იყვნენ ძალადობრივი დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, შეკრების დაშლის დროს დაშავდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები, მათ შორის კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დაზიანდნენ ჟურნალისტები.

რომ არ ყოფილიყო ის მასშტაბური ძალადობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ მომიტინგეების მხრიდან, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ბუნებრივია, არ იქნებოდა, არც შეკრების დაშლის საჭიროება და  შესაბამისად არ იქნებოდა არცერთი ასეთი ფაქტი, ანუ შედეგი, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. 

ნებისმიერი სამართალდარღვევა, მათ შორის, განსაკუთრებით თუ სამართალდარღვევა იქნა ჩადენილი ჟურნალისტის მიმართ, სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული. არცერთი კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. განსაკუთრებულად დავინტერესდები იმ ფაქტებით, რომელიც დაკავშირებულია ჟურნალისტების დაზიანებასთან“, - აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები