საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერავინ წაართმევს მათ - სანდუ
"საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერავინ წაართმევს მათ" - ასე ეხმაურება მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების პროცესს.
მაია სანდუ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაზეც წერს და საპროტესტო აქციის თითოეულ მონაწილეს სოლიდარობა უცხადებს.
ქართველები არიან ევროპელები. საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერავინ წაართმევს მათ. მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში." - წერს მაია სანდუ.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში სამ ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.
ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.