ძირს დაგდებული ახალგაზრდა, რომელსაც სპეცრაზმი წიხლებს ურტყამდა, საავადმყოფოშია - მშობლების თქმით, მეორე შვილი დაჭერილია
ძირს დაგდებულ ახალგაზრდას, რომელსაც სპეცრაზმი წიხლებს ურტყამდა, ცხვირი აქვს გატეხილი, ასევე მას აენიშნება ტვინის შერყევა - ამის შესახებ დიღმის იზოლატორთან მყოფმა სტუდენტის მშობლებმა "პირველებს" განუცხადა.
მშობლები ამბობენ, რომ აქციაზე მათი ორივე შვილი იმყოფება, ერთი, რომელის კადრებმაც ინტერნეტი მოიცვა, საავადმყოფოშია მძიმე დაზიანებებით, მეორე კი დაკავებულია, თუმცა მშობლებმა არ იციან სად, ამიტომაც ახლა მას იზოლატორ იზოლატორ ეძებენ.
აქ ჯერ არაფერს არ გვეუბნებიან, მაგრამ ვიცი, რომ მშვიდობიანად ისხდნენ რუსთაველზე. პოლიციელები შედგნენ წიხლებით, ერთს აქვს ტვინის შერყევა, ცხვირი გატეხილი, მეორეს მდგომარეობა არ ვიცი'', - ამბობს მამა
''დაგდებული იყო და კიდევ ამოარტყეს სახეში პირდაპირ, ამას რა ჰქვია ამას ადამიანობის გარდა ყველაფერი ჰქვია. არ ვიცი რა დონზე რამ გაგამხეცათ ესე, ადამიანი გდია. მშვიდობიანად 11 საათზე მივედითო, რატომ მივიდნენ ესე გვიან არ ვიცი, მაგრამ იყვნენ უმოქმედოთ და ესე დაგდებული ვნახე, რომ კიდევ ურტყამენ და მეორე დააკავეს. ცხვირი აქვს გატეხილი, ტვინის შერყევა აქვს და რაღაც დაზიანებები სახეზე. გათიშვები ჰქონდაო უმცროსს მითხრეს და უფროსი დაკავებულია'', - ამბობს დედა..
30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.
შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.