ბადრი ჯაფარიძე: სანქცირებული იქნება ივანიშვილი და მისი ბანდა
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ როგორც კი „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან, სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება და გაღრმავდება აშშ-სთან.
მისი თქმით, საქართველოს ჰყავს პუტინისტური ხელისუფლება და ცხადია, რომ ასეთ ხელისუფლებასთან არცერთი ცივილიზებული პარტნიორი ურთიერთობას არ გააგრძელებს.
ყველას უნდა ესმოდეს, თუ ვინმე ჯერ კიდევ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მხარს უჭერს პუტინისტურ, ოკუპაციურ ხელისუფლებას, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. ჩვენ ვნახეთ განცხადება, რომ აუცილებლად იქნება სანქციები, ჯონ უილსონის განცხადება იყო ამ დილით, რომ სანქცირებული იქნება ივანიშვილი და მისი ბანდა. ახლა ეს სამწუხაროა, მაგრამ ეს იქნება დროებითი, როგორც კი, „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან, ცხადია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება და გაღრმავდება აშშ-სთან, მაგრამ ამ ეტაპზე გავდივართ ურთულეს პერიოდს, როდესაც „ქართული ოცნების“ პუტინისტური ხელისუფლების გამო ჩვენ ვკარგავთ ყველა იმ პარტნიორულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც წლების მანძილზე გვქონდა შექმნილი, ჩვენი თანამოქალაქეების თავდაუზოგავი შრომით შექმნილი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი X-ზე წერს. ამასთან, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს.