"ოცნების" მთავრობა ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებს - თორნიკე გორდაძე
"ოცნების" მთავრობა ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებს, - ამის შესახებ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, თორნიკე გორდაძე "პირველებთან" საუბრობს. გორდაძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის რიტორიკა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან ურთიერთობები დალაგდება, მცდარია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სანქციები სულ უფრო უახლოვდება.
არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არ აღიარებს მოპარულ არჩევნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ დღითიდღე უფრო და უფრო მწვავე გზავნილები მოდის ევროპიდან, აშშ-დან. ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებს ეს მთავრობა. ამბობენ, რომ ეს ადმინისტრაცია არის გლობალური ომის პარტია, ბაიდენის ადმინისტრაცია და ტრამპი როდესაც მოვა, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებებიც მოვისმინეთ ჩვენ, ჯო უილსონის, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა, პირიქით, ბევრად უფრო მკაცრი იყო, ვიდრე დღევანდელი თეთრი სახლის ოფიციალური პოზიცია. ახლა, რაც დრო გადის, ეს სანქციები უფრო და უფრო უახლოვდება საქართველოში მთავარ გადაწყვეტილებების მიმღებს, რომელიც ბრძანდება ბატონი ივანიშვილი, - ამბობს თორნიკე გორდაძე.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი X-ზე წერს. ამასთან, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს.