სამადაშვილი: ივანიშვილმა სხვა გზა არ დაუტოვა საქართველოს მეგობრებს, ისინი კატასტროფისგან ქვეყნის გადარჩენას ცდილობენ
“კატასტროფის წინაშე ვართ“ - ასე აფასებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ბალტიის სამი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობებს სანქციებს უწესებს.
სამადაშვილი მიიჩნევს, რომ უპრეცედენტო რამ ხდება, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველთვის ცდილობენ, თავი შეიკავონ დამოუკიდებელი ნაბიჯებისგან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ “ყველა სახელმწიფო დაასანქცირებს რეჟიმს“.
უპრეცედენტო რამ ხდება, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველთვის ცდილობენ თავი შეიკავონ დამოუკიდებელი ნაბიჯებისგან, როგორიც არის სანქცირება, თუ ძალიან დიდი ბოროტების შეჩერებას არ ცდილობენ.
ის რომ სამმა ბალტიურმა სახელმწიფომ, რომელიც წლების განმავლობაში იყოს ჩვენი მთავარი გამწევი ძალა, ევროპულ გზაზე, გადაწყვიტა რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, ნიშნავს, რომ კატასტროფის წინაშე ვართ. დღეს საქართველოს მეგობრები ცდილობენ ამ კატასტოფისგან გადარჩენას, მათ შორის, სწორედ ამ გზით, რადგან ივანიშვილმა სხვა გზა არ დაუტოვათ გარდა იმის, რომ შემოიღონ უმკაცრესი სანქციები მისი რეჟიმის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ეს გაგრძელდება და ბოლოს მივა იმ რეალობამდე, რომ ყველა სახელმწიფომ დაასანქციროს რეჟიმი. მაქვს მოლოდინი, რომ აშშ-სგანაც იქნება სანქციები, რაც ნათელს უნდა ხდიდეს, რომ საქართველოში დღეს არის კრიზისი, რომელის გამოსვლის გზაც ახალი არჩევნებია“, - განაცხადა სამადაშვილი.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტს თრგუნავს.