ივანიშვილო, რისი მიღწევა გინდა? - ხაზარაძის ინფორმაციით, "ოცნება" აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებს
ბიძინა ივანიშვილო, რისი მიღწევა გინდა? - ამ სიტყვებით მიმართავს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.
"ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" ხაზარაძემ თქვა, რომ ივანიშვილის გუნდი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებს. მან მმართველი გუნდი გააფრთხილა, რომ მსგავს სურთს არ დაუშვებენ.
ეს ახალგაზრდობა ჩვენი შვილები არ არიან, რომლებსაც შენი შენი კრიმინალებით დასდევ, რომლებსაც პოლიციის ფორმა ჩააცვი, ამიხსენი რისი მიღწევა გინდა, გინდა, რომ ვინმე დაასახიჩრო?! რას ითხოვს ეს ახალგაზრდობა? - წართმეული არჩევნების დაბრუნებას, ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენას, პერსპექტივას, რომელიც წაართვი. ეს ადამიანები ითხოვენ, შეერთებული შტატებთან ურთიერთობის აღდგენას, რაც მათ წაართვი. ხალხი ითხოვს იმას, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და არა რუსეთის მონა. შენ რა გინდა ამიხსენი?!
გინდა, ამ ადამიანებმა შენ ჭკუაზე იარონ, ასე არავითარ შემთხვევაში არ გამოვა, არც არასდროს გამოსულა. ამ თავისუფლებას ვერანაირად ვერ მოგუდავ! მშვიდობიანი ბრძოლა იქნება ბოლომდე.
პროვოკაციების დაგეგმვას შეეშვით, ეს ხალხი პროვოკაციას არ აჰყვება. გვაქვს ინფორმაცია, რომ რაღაცებს აპირებთ. ამის უფლებას არ მოგცემთ. ივანიშვილის თავში, რომელშიც მოიხარშა, რომ საქართველოში კონსტიტუციური გადატრიალება მოეხდინა, რომ ქვეყანა რუსეთს ლანგრით მიართვას, სხვა ბევრი რამ აქვთ ჩაფიქრებული. ეს ხალხი აქ არის მშვიდად და ითხოვს სამართლიან ახალ არჩევნებს"- დასძინა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა დღეს თქვა, რომ აქციაზე იმყოფებიან სუს-ის წარმომადგენლებიც და საჭიროა, პროვოკაციებისგან თავის დაცვა.
ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ფორმით გზავნილი მიიღო, "ვითომც უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან ან ჩამოსულები არიან, რომ როგორც სამხედროები ჩაერთონ პროტესტში, რაც პირდაპირი პროვოკაციაა, ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაიჯეროთ"