"მზად ვარ საჯარო დებატებისთვის, სად მოვიდე, როდის და რომელ ეთერში?!" - ხიდაშელი კობახიძეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც საქართველოს პრემიერმა მოქალაქეებს დისკუსიაში ჩართვა შესთავაზა, სოციალურ ქსელში პასუხობს.
თინა ხიდაშელი საჯარო დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს და "ქართული ოცნების" ლიდერს კითხვით მიმართავს - "სად მოვიდეთ, როდის, რომელ ეთერში?".
სად გვიბარებს, სად უნდა მივბრძანდეთ საჯარო დებატებისთვის? -- რომელ საკითხებზე ითხოვს საჯარო დებატებს? ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ. ვიღებ გამოწვევას. მე, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მთელი ჩემი პროფესიული კარიერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში გავლიე, ადამიანი რომელიც ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გზაზე ვარ აგერ უკვე 25 წელზე მეტია ქვეყნისთვის მეტი სარგებელის, მეტი სტრატეგიული პარტნიორობის, მეტი პროგრამების მოსაზიდად.
მე, ადამიანი რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ვიბრძოლე და მოვიპოვე ამერიკელებისგან საქართველოს შეიარღებული ძალებისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამოცანებზე მორგებული ხელშეკრულება (ნაცვლად სამშვიდობო მიესიებისთვის წვრთნების ხელშეკრულებისა) მზად ვარ ნებისმიერი საჯარო დებატებისთვის, კაცთან რომელის თავისთავს საქართველოს პრემიერს ეძახის და ამ პოსტზე დანიშვნის დღიდან მოახერხა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განადგურება, ამერიკული წვრთნების პროგრამის შეჩერება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან პროგრამების გაჩერება და ბოლოს ზუსტად იანუკოვიჩის დარად ამცნო ქვეყანას რომ ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ევროკავშირის კარი გაიღო ახალი გაფართოებისთვის "2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნით აღარ მიმართავს.
"მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას" - სად მოვიდეთ, როდის, რომელ ეთერში", - წერს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას გაემიჯნენ, "წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა აქვთ".
ამასთან, ირაკლი კობახიძე მზაობას გამოთქვამს, დისკუსია გამართოს ყველა იმ ადამიანთან, რომლებსაც "წაკითხულის, ან მოსმენილის გააზრება გაუჭირდათ".