კობახიძე ამტკიცებს, რომ ბლინკენის განცხადება "სრული სიყალბეა"

05.12.24 15:03
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბლინკენის განცხადება "სრული სიყალბეა"

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე "სიყალბეს" უწოდებს.

"ქართული ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ ენტონი ბლინკენის განაცხადი, რომლითაც შტატებმა "ქართველებზე სასტიკი და გაუმართლებელი ძალადობა" დაგმო, დეზინფორმაციული ხასიათისაა.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის გუნდის ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა და ბლინკენის განცხადებაც "ყალბი პროცესის გაგრძელებაა".

რა თქმა უნდა, ზუსტად იგივეა. ერთი რომ სრული სიყალბეა წარმოდგენილი ამ განცხადებაში. საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე, როცა თქვენ ხედავთ როგორი მშვიდობიანი იყო ის მიტინგები, რომლებიც ეწყობოდა საქართველოში. როდესაც ამ მასშტაბით სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ, ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით. რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც არის ამ პროცესის გაგრძელება. მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს და ეს განცხადებაც, ბუნებრივია, ამ ყველაფრის გაგრძელებაა,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება.

ოფიციალურ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი გმობს ქართული ოცნების "სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, პროტესტის მონაწილეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ". 

მსგავსი სიახლეები