ექსკლუზიური ინტერვიუ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან - ბაიბა ბრაჟე "ოცნებას" უფრო მძიმე ზომებს უანონსებს

05.12.24 15:33
ექსკლუზიური ინტერვიუ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან - ბაიბა ბრაჟე "ოცნებას" უფრო მძიმე ზომებს უანონსებს

"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელმაც სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებზე გამოყენებული არაპროპორციული ძალისა და ხელისუფლების მიერ ევროპული კურსის ცვლილების გამო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა -  ბაიბა ბრაჟე "ოცნებას" უფრო მძიმე ზომებს უანონსებს.

ბრაჟე "პირველების" კორესპონდენტს, რომელიც NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში იმყოფება, უყვება, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში საგარეო საქმეთა მინისტრების პირველივე შეკრებაზე დადგება. 

დიპლომატი იმედოვნებს, რომ ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ეფექტს ევროკავშირის სხვა ქვეყნებზეც იქონიებს და საბოლოოდ EU ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ მკაცრ და მკაფიო გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ევროკავშირს კონკრეტულ ნაბიჯებს შევთავაზებთ და შევხედავთ როგორ გავრცელდება ეს EU-ს დონეზე" - ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომელმაც თქვა, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. როგორც უკვე იცით ევროკავშირმა შეაჩერა დაფინანსების პროგრამები იმ კანონპროექტის გამო, რომელიც დაამტკიცეს. ეს კანონი წინააღმდეგობაში მოდიოდა ქართველი ხალხის ინტერესებთან და კონსტიტუციასთან. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ისევ ღიაა. ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი მიდგომა, ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის უფლება.

როდესაც პროტესტი დაიწყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ ვდარდობდით იმაზე, თუ როგორი იქნებოდა რეაქცია, რადგან მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპი. როგორც კი დაიწყო პროცესი, ჩვენ მივიღეთ ზომები ბალტიის ქვეყნების მინისტრებთან ერთად. ემიგრაციის კანონის მიხედვით, მე როგორც მინისტრს მაქვს ამის უფლება, რათა დავაწესო სამოგზაურო აკრძალვა ლატვიის ტერიტორიაზე რამდენიმე ინდივიდის წინააღმდეგ. ასეთი სულ 13-ია. ჩვენ შევხვდით ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს, შევხედავთ როგორ გავრცელდება ეს ევროკავშირის დონეზე. ჩვენ ევროკავშირის კონკრეტულ ნაბიჯებს შევთავაზებთ", - განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.

საყურადღებოა, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერების საკითხს არ ლობირებს. ბაია ბრაჟე ფიქრობს, რომ ქართველ ხალხს ევროპაში მოგზაურობისა და განათლების უფლება არ უნდა შეეზღუდოს. 

გამომდინარე აქედან, ევროპელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ EU-მ სავიზო შეზღუდვები, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა დაუწესოს. 

ნორდიკული ქვეყნის მინისტრები ვიმყოფებოდით თბილისში მაისის შუა რიცხვებში. ჩვენ გვქონდა გულღია საუბრები, როგორც პარლამენტში, ასევე პრემიერთან. ჩვენ მათ ავუხსენით, რა იდო სასწორზე. სამწუხაროდ, ამ შეხვედრებმა ცვლილებები ვერ მოიტანა პროცესის და ხელისუფლების გადაწყვეტილებებში. ამას შემდეგ მოყვა შტატების პასუხიც დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, მე პირადად არ ვარ მომხრე სავიზო შეზღუდვები დავუწესოთ სტუდენტებს და ახალგაზრდა თაობას. ევროკავშირში საქართველოს წევრობა თეორია არაა, თუ სტუდენტებს ევროკავშირში სწავლა უნდათ და ხედავენ საქართველოს ევროპულ მომავალს, მათ ეს შანსი უნდა ჰქონდეთ", - ამბობს ბაიბა ბრაჟე.

ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა. 

მსგავსი სიახლეები