ყაველაშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ვერასდროს გახდება - ჯაფარიძე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილს "ოცნების" პარტიულ პრეზიდენტად მოიხსენიებს და "პირველებთან" აცხადებს, რომ უდიპლომო ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ვერასდროს იქნება.
"ეს არის ცირკი, როდესაც თვითგამოცხადებული ხელისუფლება პრეზიდენტს ირჩევს" - ამბობს სოფო ჯაფარიძე და იქვე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობის გარდა ყველაფერი - ქაოსი, რეპრესიები მოიტანა.
ყაველაშვილი პრეზიდენტად არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის. ივანიშვილმა მშვიდობის მაგივრად, ქაოსი, რეპრესიები მოიტანა. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები. ეს არის ცირკი, როდესაც თვითმარქვია, თვითგამოცხადებული ხელისუფლება პრეზიდენტს ირჩევს. ყაველაშვილი იქნება "ოცნების" პარტიის პრეზიდენტი და ვერასდროს იქნება საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს - ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია.
პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს.
ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - ამომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ.
„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ისმის აქციაზე.
აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. „დიპლომი ყაველაშვილს“.
ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.