არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა - მამუკა ხაზარაძე
არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხაზარაძე წერს.
მისი თქმით, ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
„ივანიშვილი და მისი რუსული, თვითგამოცხადებული მთავრობა რჩება სრულ იზოლაციაში დასავლური სამყაროსგან მაშინ, როცა ქართველ ხალხს და მის სამართლიან მოთხოვნას, დაინიშნოს ახალი არჩევნები, ევროპელი ლიდერები ღია მხარდაჭერას უცხადებენ!
ისტორია ყველას თავის სახელს დაარქმევს - მოღალატე ივანიშვილსაც და გმირ ქართველ ხალხსაც, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის! ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს! თავისუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე - გამარჯვებამდე!“ - წერს ხაზარაძე.
"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს - ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია.
პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს.
ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - ამომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ.
„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ისმის აქციაზე.
აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. „დიპლომი ყაველაშვილს“.
ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.