300-მდე ნაცემი და ნაწამები ადამიანი და არცერთი დასჯილი ჯალათი - კარლო კაციტაძე "შაბათის ეთერის" პირისპირ
13 დღე გავიდა, რა იცით იმ ადამიანზე, ვინც ჩემს მკვლელობას გეგმავდა - ეს კითხვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სანქცირებულ შეფს, კოკა კაციტაძეს "შაბათის ეთერის" იმ ჟურნალისტმა დაუსვა, რომელსაც სიკვდილის ბრიგადები პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ და ოპერატორთან ერთად მისი მკვლელობა სცადეს.
კარლო კაციტაძე მისი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას იშველიებს, თუმცა კონკრეტულ შედეგებზე არ საუბრობს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ "გამოძიება მიდის", "ჟურნალისტების წუხილს იზიარებს", თუმცა იქვე ვერ უარჰყოფს, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მიუციათ.
კაციტაძე ღიზიანდება იმ წუთიდან, როცა მას გდდ-ის შეფს უხსენებენ. გამომძიებელი არ ამბობს, დაკითხეს თუ არა "ხარება"
კარლო კაციტაძე: "მოვახდინეთ, გადაუდებელი აუცილებლობით იმავე დღეს კადრების ამოღება, დავიწყეთ მისი შესწავლა. შედეგი არის ის, რომ გამოძიება გრძელდება, დანიშნული გვაქვს რამდენიმე სახის ექსპერტიზა. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა არცერთ მათგანს (თავდასხმის საქმეზე გამოკითხულებს) არ დაუტოვებია. თქვენ ალბათ საუბრობთ იმ პირებზე, რომლებიც ჩვენ დაბარებული გვყავდა. ყველა რა თქმა უნდა იდენტიფიცირებული არ არის".
- რატომ არ დავიმსახურეთ ან მე ან ჩემმა ოპერატორმა, ან საზოგადოებამ, რომ ბრიფინგი მოგეწვიათ და მოეყოლა ჩვენთვის, რას აკეთებთ?
- საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ გავრცელებული რელიზის სახით.
ვიდეო ნახეთ, სადაც გადაამეტეს საკუთარ ძალას, სადაც ცდილობდნენ, ადამიანის მოკვლას, გურამ როგავას ვიდეო რომ ვნახოთ. "ხარებას" რაზმიდან ვინმეს დაბარება გაბედეთ? მიწერეთ "ხარებას", რომ მათ სპეცრაზმელებს იბარებთ?
- წინა აქციის საქმეზე, რომელზეც დავიწყეთ გამოძიება და რომელიც დღემდე მიმდინარეობს, ზვიად ხარაზიშვილი იმ საქმეში დაკითხულია...
- 28 ნოემბრიდან დღემდე, დაკითხეთ რომელიმე სპეცრაზმელი?
- სამართალდამცავების გამოკითხვა დაწყებულია, სამართალდამცავში იგულისხმება, როგორც სპეცრაზმელი, საპატრულო, კრიმინალური პოლიცია. ახლა მე ზუსტად თანამდებობებს ვერ ჩამოგითვლით, კონკრეტულად რომელი განაყოფის თანამშრომლები არიან.
- გდდ-ის თანამშრომლები გამოჰკითხეთ?
- სამართალდამცავებში შედის, როგორც გდდ-ის თანამშრომელი, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
- კითხვა არ გაგიჩნდათ, დანომრილი რატომ არ არიან გდდ-ის თანამშრომლები, როგორ არკვევთ მას ვინც დანაშაული ჩაიდინა?
- ჩვენ ვცდილობთ იმ საშუალებებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია. თუ დანომრილი არ არის როგორ გავარკვევთ?
- მითხარით ერთი გამოძიებული საქმე 28 ნოემბრიდან დღემდე? - 300-ზე მეტი ნაცემი, ძვლებდამტვრეული ახალგაზრდა გვყავს...
- გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეა, გასული... ხო მეთანხმებით, დღეებია გასული. ვაკეთებთ ყველაფერს.
- თქვენ გვაჩვენეთ ვიდეო, სადაც უწყების ფოიეში ჩხრეკთ ადამიანებს. 8 წლის ბავშვიც მიხვდება, რომ ადამიანი, რომელსაც გამოძიებაზე იბარებენ, არ მიიტანს ის იმ ნივთს, რომელიც მის წინააღმდეგ მუშაობდეს, ეს ცირკი რაში გჭირდებათ?
- ლოგიკური შეკითხვაა, ჩვენ გადავიღეთ ეს ვიდეო, რომ ეს ადამიანები დავიბარეთ, ტარდება საგამოძიებო საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის გადავიღეთ საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის კადრები, საიდანაც წამოღებულია, გამოძიებისთვის საინტერესო ნივთები. (ყველაფერს) გავიგებთ, როცა დასრულდება ექსპერტიზები. ექსპერტიზა დანიშნულია 4 ადამიანზე.
- თავდამსხმელები 30-ზე მეტი რომ იყვნენ?
- ამაზე მიმდინარეობს გამოძიება.
- აცნობიერებთ, რომ სახელმწიფო აპარატი გიყენებთ თქვენ, რომ ეს სისხლი, დანაშაული ჩამოიბანონ? შეუძლებელია, 28 ნოემბრიდან დღემდე არ არსებობდეს არცერთი დასჯილი სპეცრაზმელი, რომლებიც სასიკვდილოდ იმეტებდნენ, როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ჟურნალისტებზე
- რაც მოვედი, მთელი ინტერვიუს განმავლობაში ამაზე ვსაუბრობთ, რას აკეთებს გამოძიება. ძალიან ბევრი პასუხი გაგეცით, მაგრამ მეათედ მეკითხებით. მე გპირდებით, თუ თქვენ გაქვთ პრეტენზია გამოძიების მიმდინარეობაზე...
- ჩემი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დადის ქუჩაში, აქედან რომ წავალ არ ვიცი, ვინმე კიდევ დამესხმება თუ არა თავს, არ ვიცი, ცოცხალი მივალ თუ არა სამსახურში. გემით, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ? - ეს თქვენს სამსახურზეა მთლიანად დამოკიდებული. თქვენ რომ ვინმე დაგესაჯათ, მეორე ამას ვერ გაბედავდა
- ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია... ტრაფარეტული ტექსტი რას ნიშნავს? - ეს თქვენი შეფასებაა. თუ ჩემი შეფასება არ მოგწონთ, მობრძანდით, გაეცანით საქმეს. გვითხარით, რით ხართ უკმაყოფილო?!
- მკლავდნენ, ეს თქვენ გესმით? - ის ადამიანები, ვინც თავს დაგვესხნენ ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან...
- მესმის და ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას. იმისთვის რომ დაიწყოს ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, რასაც თქვენ დაკავებას ეძახით, საჭიროა, მტკიცებულებების შეგროვება. საგამოძიებო სამსახური ყველაფერს აკეთებს...
- ყველაფერს რომ აკეთებდეთ, ერთი ადამიანი მაინც ხომ იქნებოდა პასუხისგებაში მიცემული?
- თითოეული მათგანი უარყოფს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს, გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც ამბობს, რომ ის აშველებდა და ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა. (საუბარია, პირზე ვინც, ნაცემი ოპერატორი ფეხზე წამოაყენა) თქვენ მდგომარეობას აბსოლუტურად ვიზიარებ.
- მე თქვენი გაზიარება არ მჭირდება, მჭირდება დამნაშავეების დასჯა
- გაგეცით პასუხი, რომ მიმდინარეობს გამოძიება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ, იხილოთ საქმის მასალები, მობრძანდეს ადვოკატი.
- იხილა ადვოკატმა, სიახლე არაფერი...
- 28 ნოემბრიდან დღემდე, დაკითხეთ თუ არა "ხარება"?
- ამ კითხვაზე გაგეცით უკვე პასუხი... არავის გამოკითხვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინც არ უნდა იყოს და რა თანამდებობაზე არ უნდა მუშაობდეს. სამართალდამცავთა გამოკითხვა დაწყებულია, ყველა პირი გამოიკითხება, რაც რაიმე ფორმით შემხებლობაშია ამ საქმესთან. სახელსა და გვარს ვერ დაგისახელებთ.
- "ხარება" დაკითხეთ თუ არა ამაზე პასუხის გაცემა რას შეცვლის?
- ჩემი პასუხები თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ შეფასებები აკეთოთ. საგამოძიებო სამსახურის მუშაობას შეაფასებს სასამართლო. მოხდა თუ არა დროული რეაგირება. ჯერ ხომ არ გამხდარა 1 თვე!