პრეზიდენტის პასუხის მოლოდინში - რას იზამს სალომე ზურაბიშვილი?

26.12.24 11:00
პრეზიდენტის პასუხის მოლოდინში - რას იზამს სალომე ზურაბიშვილი?

საზოგადოება პრეზიდენტის პასუხის მოლოდინში - სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველს ოპოზიცია სთხოვს, 29 დეკემბრის შემდეგ მუშაობა ისევ პრეზიდენტის სასახლეში გააგრძელოს. 

"მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგ სასახლეში დავრჩეთ" - ასეთია დიდი ოპოზიციური პარტიების პოზიცია. 

სალომე ზურაბიშვილმა თავადაც თქვა, რომ 29 დეკემბრის შემდეგაც პრეზიდენტი იქნება. შესაბამისად, ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტმა სასახლეც უნდა შეინარჩუნოს.

რას გადაწყვეტს პრეზიდენტი უცნობია, სავარაუდოდ, მას საზოგადოება და ოპოზიცია რამდენიმე დღეში გაიგებს. 

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მზად არის, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი დაიცვას: 

საერთოდ, სამშობლოს დაცვას არ აქვს ვადა. თუ ამისთვის საჭიროა, რამდენიმე დღე, უნდა ვიდგეთ რამდენიმე დღე. თუ რამდენიმე კვირა - რამდენიმე კვირა, თუ რამდენიმე თვე, რამდენიმე თვე! რამდენიმე წელი ვერ ვიდგებით, იმიტომ რომ გარწმუნებთ, ეს საჭირო არ იქნება. 

მზად ვარ, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფელის გვერდით ვიდგე, რომელიც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, ფაქტია არის  ერთადერთი და ეს არის სალომე ზურაბიშვილი. პოლიტიკური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია არ გააჩნია. 

მე ვარ მზად, ისევე როგორც ბევრი ჩემი მეგობარი და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი. სხვა პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და კოალიციები მზად ვართ იმისთვის, ეს ბოლო ფორპოსტი ლეგიტიმაციის, დავიცვათ"- განაცხადა "პირველებთან" კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ. 

 კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა ლეგიტიმაცია მიანიჭა, საქართველოს პრეზიდენტია. 

რაც შეეხება ათონელის რეზიდენციის დატოვება-არდატოვების საკითხს, ოპოზიციონერი "ტვ პირველს" ეუბნება, რომ გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი თავად მიიღებს და საზოგადოებსითვის ეს სსაკითხი ცნობილი გახდება: 

ლეგიტიმური ინსტიტუცია საქართველოში არის პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ეს არ იცვლება არც 29-მდე და არც 29 დეკემბრის შემდეგ. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ პრეზიდენტის ლეგიტიმაცია შენობით განისაზღვრება. 

 გასაგებია, რომ ჩვენ ფორმას ვანიჭებთ მნიშვნელობას და რაღაც გარკვეულ წილად ამას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამ შექმნილ სიტუაციაში დარჩება თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შენობაში, ეს მისი გადასაწყვეტია და მან გვითხრა, რომ ამის შესახებ თვითონ გვეტყვის იმ საბჭოს, რომელიც შეიქმნა და ჩვენ მზად ვართ ორივე სცენარისთვის.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გუშინ გამართულ დახურულ შეხვედრაზე, პრეზიდენტს სამომავლო გეგმებზე ოპოზიციასთან არ უსაუბრია. 

ბოკუჩავა თვლის, რომ პრეზიდენტის მისაღებ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე მხოლოდ სპეკულაციაა: 

პრეზიდენტის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით არც საჯაროდ გაჯღერებულა, არც დახურულ შეხვედრაზე, ამიტომ წინსწრებად ნამდვილად არ მიმაჩნია, მიზანშეწონილად, ჩემი მხრიდან, სპეკულაციები  ერთი სცენარით, მეორე სცენარით, მაშინ როდესაც ეს გადაწყვეტილება თავად მან უნდა მიიღოს"- დასძენს პოლიტიკოსი.

რაც შეეხება გახარიას გუნდს, ზვიად ძიძიგური "ტვ პირველის" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ორბელიანების სასახლე ლეგიტიმაციას არ ნიშნავს: 

ორბელიანების სასახლე არ ნიშნავს ლეგიტიმაციას, მოდი ამაზე შევთანხმდეთ, გეოგრაფიის მიხედვით არა, ლეგიტიმური არის ქალბატონი სალომეს პოსტი იმიტომ, რომ აირჩია სრულიად საქართველომ და იცავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესს ამდენი ხანია და ვერ ჩაანაცვლებს არალეგიტიმური პრეზიდენტი მას, თუნდაც იმან დაიკავოს ორბელიანების სასახლე"- დასძინა მან. 

გუშინ, 25 დეკემბერს საქართველოს პრეზიდნეტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა, პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და მზადყოფნა აღუთქვა, რომ ისინი 29 დეკემბრის შემდეგ მასთან, სასახლეში დარჩებიან.

23 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ იქნება "პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით".

მსგავსი სიახლეები