ოპოზიციამ პრეზიდენტს 29 დეკემბრის შემდეგ სასახლეში დარჩენა შესთავაზა
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციურ სპექტრს შორის აუდიენცია დასრულდა - ირკვევა, რომ ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბრის შემდეგ სასახლეში დარჩენა შესთავაზა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ მზად არიან, ათონელის რეზიდენცია ერთადერთ ადგილად გამოაცხადოს, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება
ამასთან, ანა დოლიძის ცნობით, პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.
ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი. ბარიერ გადალახული პოლიტიკური პარტიები ვთათბირობთ საქართველოს პრეზიდენტთან. განხილვაში არის ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნებია, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად. ამას გარდა, მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ 29 დეკემბრის მერეც დავრჩეთ სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური საქართველოს პრეზიდენტი იქნება. ეს არის მხარდაჭერის ფორმა, რომელიც იქნება ლეგიტიმური, სამართლიანი და არა ძალადობრივი'', - ამბობს ანა დოლიძე.
დოლიძის ინიციატივას მხარი დაუჭირა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამიაც.
ჩემი პერსონალური აზრია, რომ ძალიან მასშტაბური იქნება ეს მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ. ანას წინადადება იყო ეს და მხარს ვუჭერ სრულიად, რაც ანამ თქვა. 29-მდე, სავარაუდოდ, ჩვენ გექნება გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით და რა არის ის პირობები, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება იმიტომ, რომ არჩევნების შედეგი იყოს ლეგიტიმური და არა რაღაცა ხაფანგი გადმოგდებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელშიც ჩვენ გავებმებით, ეს ვერ მოხდება"- თქვა გვარამიამ.