"არჩევნები არალეგიტიმურია - მხარს პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვუჭერთ" - ევროპარლამენტარებსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა
ქართულ ოპოზიციასა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს შორის აუდიენცია დასრულდა - შეხვედრიდან გამოსულმა ევროდეპუტატმა, დანიუს ზალიმასმა მედიასთან განაცხადა, თუ კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს მხარეებმა დახურულ კარს მიღმა.
"ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ჩართულობის სავარაუდო გზების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად" - თქვან დანიუს ზალიმასმა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების და მე-11 მოწვევის პარლამენტის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით პოზიციას სრულად იზიარებს.
ევროდეპუტატი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს და ფიქრობს, რომ ზურაბიშვილია სწორედ ის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს.
ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ჩართულობის სავარაუდო გზების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. ასევე ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არის არალეგიტიმური და ამჟამინდელი პარლამენტი არის არალეგიტიმური. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის მტკიცებაში, რომ მისი ოფისი არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს", - ამბობს დანიუს ზალიმასი.
საყურადღებოა, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების პროცესიც განიხილეს - "დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია, განსაკუთრებით ამერიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე".
რა თქმა უნდა, ბევრ საკითხზე გვაქვს სამსჯელო, როგორ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში სამომავლოდ. როგორ უნდა ჩატარდეს აუცილებელი ახალი არჩევნები, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და რომელიც უნდა იყოს საერთაშორისო დაკვირვების ზედამხედველობის ქვეშ. უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. სამწუხაროდ, ევროკავშირში მისი სანქცირების გადაწყვეტილებას ერთიანობა სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც სჩვევიათ ასეთ საქმეებს, რომელიც ეხება უკრაინას და საქართველოს, დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. განსაკუთრებით ამერიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე.", - ამბობს დანიუს ზალიმასი.