"დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ეს პროცესი გარდაუვალია" - ევროდეპუტატი "ოცნებას" სანქციებს უანონსებს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ევროპარლამენტარი, დაინიუს ზალიმასი ოპოზიციურ სპექტრთან აუდიენციის დასრულების შემდეგ, მედიასთან აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის სანქციების დაწესების პროცესი გარდაუვალია.
"დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. განსაკუთრებით ამერიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე" - ამბობს ევროდეპუტატი, რომელიც ასევე მოითხოვს, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები საერთაშორისო დაკვირვების ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდეს.
რა თქმა უნდა, ბევრ საკითხზე გვაქვს სამსჯელო, როგორ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში სამომავლოდ. როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და რომელიც უნდა იყოს საერთაშორისო დაკვირვების ზედამხედველობის ქვეშ. უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. სამწუხაროდ, ევროკავშირში მისი სანქცირების გადაწყვეტილებას ერთიანობა სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც სჩვევიათ ასეთ საქმეებს, რომელიც ეხება უკრაინას და საქართველოს, დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. განსაკუთრებით ამერიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე", - ამბობს დაინიუს ზალიმასი.
ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპარლამენტარები, დაინიუს ზალიმასი და მიხალ ვავრიკიევიჩი ჩამოვიდნენ. ევროდეპუტატებმა შეხვედრა ოპოზიციასთან გამართეს. ასევე დაგეგმილია, რომ ისინი მესამე სექტორის წარმომადგენლებს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდებიან.