სასახლიდან გამოვალ, თქვენთან ერთად ვიქნები - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლე დატოვა - განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
მე აქედან გამოვალ, გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, ჩემთან ერთად მიმაქვს თქვენი ნდობა - თქვა მან შესავალ სიტყვაში.
მისივე თქმით, ის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია.
მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ორბელიანების სასახლიდან მიაქვს "ლეგიტიმურობა". სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისტორიული შენობა ორბელიანებს უნდა დაუბრუნონ:
მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.