ანგარიშსწორება ბერას სახელით - ნაცემი მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაჰყავთ

22.03.21 11:06
ანგარიშსწორება ბერას სახელით -  ნაცემი მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაჰყავთ

სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის კრიტიკის გამო სასტიკად ნაცემი მამაკაცი ახლა ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. ზაზა მდივანს მძიმე დაზიანებები სახის და კიდურების არეში აქვს მიყენებული. ზაზა მდივანის თქმით, მასზე ფიზიკურად ორმა მამაკაცმა მას შემდეგ იძალადა, რაც ბერა ივანიშვილის მისამართით შეიგინა. მამაკაცი ყვება, რომ  დიღომში ნიღბიანმა თავდამსხმელებმა ის ე.წ. კასტეტით სცემეს.

მამაკაცი  ამბობს, რომ ბერა ივანიშვილს სოციალურ ქსელში რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა. ის არ გამორიცხავს მეორე ვერსიასაც, რომ ანგარიშსწორება შპს "ალეკოს" უკავშირდებოდეს, რომლის ხელმძღვანელობასთანაც კონფლიქტი მოუვიდა. კომპანიაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ  მდივანი უბრალოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სრულიად უცხო პირები იყვნენ, შთაბეჭდილება მქონდა, რომ იყვნენ ან პოლიცია, ან ძველი სპეცრაზმი - ამბობს ნაცემი მამაკაცი.

შემთხვევა გუშინ, სოფელ დიღომში  მოხდა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.