"პოლიციელი ხელშეუხებელია" - "ოცნების" პრემიერი არაადამიანურ მოპყრობაში მხილებულ ირაკლი დგებუაძეს იცავს

15.01.25 20:37
"პოლიციელი ხელშეუხებელია" - "ოცნების" პრემიერი არაადამიანურ მოპყრობაში მხილებულ ირაკლი დგებუაძეს იცავს

"ქართული ოცნების" პრემიერი კამერების წინ არაადამიანურ მოპყრობაში მხილებულ ირაკლი დგებუაძეს იცავს - მეტიც, ირაკლი კობახიძე პოლიციელს, რომელმაც საიას ინფორმაციით, მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ხელშეუხებელ პირად აცხადებს. 

"პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, მის სიმტკიცეს" - ირწმუნება ივანიშვილის გუნდის წევრი. 

ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი. პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, სახელმწიფოს სიმტკიცეს და მითუმეტეს, როდესაც საუბარია მაღალი თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთი ქმედება არის მიუღებელი, ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. დანარჩენზე სასამართლო იმსჯელებს. მაგრამ ყველაფერი დღესავით ნათელია, ასეთი ქმედება უკიდურესად მიუღებელია, დანაშაულია და სახელმწიფოს ევალება, მიიღოს შესაბამისი ზომები", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

პოლიციის მაღალჩინოსანი, ირაკლი დგებუაძე, რომელიც რეჟიმმა დაზარალებულად გამოაცხადა, სკანდალში ეხვევა - სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ბათუმელების" დირექტორი პოლიციის განყოფილებაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 

ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძემ ჟურნალისტს შეაგინა და სახეში შეაფურთხა. მეტიც, ადგილი ჰქონდა ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობასაც.

როგორც ნონა ქურდოვანიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობა გრძელდებოდა შენობაში, სადაც დაკავებულ ჟურნალისტს არ აძლევდნენ წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.