"ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი გამკაცრდება" - მელია
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მოთხოვნათა ფონზე, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი გამკაცრდება.
"არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ მოწოდებები გადაიქცევა კონკრეტულ გადაწყვეტილებებად და შემდეგ აღსრულდება" - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან".
სანქციების რეჟიმი გამკაცრდება ივანიშვილის წინააღმდეგ. ამერიკული სანქციები მას დაუწესდა როგორც მილიარდერ ადამიანს. მას აკრძალული აქვს ამერიკული დოლარით ტრანზაქციების შესრულება. ანუ, ის ვერ ივაჭრებს, ვერაფერს ვერ იყიდის. ეს პროცესი ძალიან თანმიმდევრულია და გულისხმობს ხალხის მხარდაჭერას საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ მოწოდებები გადაიქცევა კონკრეტულ გადაწყვეტილებებად და შემდეგ, ეს გადაწყვეტილებები აღსრულდება", - ამბობს ნიკა მელია.
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - წამყვანი პოლიტიკოსები პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და "ქართული ოცნების" ორკესტრირებულ ძალადობაზე შოკირებულები არიან.
განცხადების ხელმომწერები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მოთხოვნათა ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესებაც შედის.
"ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, დააწესოს პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებლები" - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას კრძალავენ და საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მუშაობის შეწყვეტას ითხოვენ.