მოსალოდნელი სანქციები ბრიტანეთიდან და ევროკავშირისგან - კახა კალაძე პირველ კომენტარს აკეთებს

17.01.25 15:11
მოსალოდნელი სანქციები ბრიტანეთიდან და ევროკავშირისგან - კახა კალაძე პირველ კომენტარს აკეთებს

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების თაობაზე ბრიტანელი დეპუტატებისა და წამყვანი ევროპარლამენტარების მოთხოვნას თბილისის მერი თავდასხმით პასუხობს - კახა კალაძე სტრატეგიულ პარტნიორებს შანტაჟსა და უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს.

"არ მგონია, რომ ბრიტანეთმა ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა თუ ისინი მიიღებენ, ძალიან ცუდი იქნება და ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება" - ამტკიცებს "ქართული ოცნების" წევრი კამერების წინ.   

ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ განცხადებებს ვისმენთ და ვხედავთ, რომელიც დაფუძნებულია უსამართლობაზე და, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ვხედავთ. ყველა გადაწყვეტილება დაფუძნებულია უსამართლობაზე. 

არ მგონია, რომ ბრიტანეთმა ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა თუ ისინი მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი და ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება.

ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს. ვერანაირი სანქციებით შანტაჟი ვერ შეგვაშინებს, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე. საქართველოს ხელისუფლება გამოდგა ურჩი, რადგან არ დაიწყო ომი ქვეყანაში, არ გახსნა მეორე ფრონტი, არ გაითვალისწინა კონკრეტული ელჩების მოწოდებები, მუქარები", - ამბობს კახა კალაძე.

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - წამყვანი პოლიტიკოსები პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და "ქართული ოცნების" ორკესტრირებულ ძალადობაზე შოკირებულები არიან. 

განცხადების ხელმომწერები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მოთხოვნათა ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესებაც შედის. 

ამის პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ. ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ.