ექსკლუზივი: რა განსაცდელი დაუდგა ამერიკული სანქციების გამო ოლიგარქს - ჟურნალისტური გამოძიება
უხეირო ოლიგარქის განსაცდელი - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს, ამერიკული სანქციებიდან 4 დღეში, უტა ივანიშვილის სახელით, საჯარო რეესტრში, ახალი სააქციო საზოგადოების - "ატუ ჰოლდინგის" რეგისტრაციის განაცხადი შევიდა. დოკუმენტები 14:53 საათზე წარადგინეს.
- იუსტიციის სამინისტრომ დოკუმენტები სამ საათში გადაამოწმა და 31 დეკემბერს, 17:34 საათზე, ერთადერთი აქციონერით, უტა ივანიშვილით, ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. მილიარდერის უფროსი ვაჟის მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართად, ჭავჭავაძის 39 A ჩაიწერა. (ამისთვის ოფიციალური ნებართვა ქართუ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა გოჩა ჩიკვილაძემ გასცა).
- მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ უტა ივანიშვილი უკვე იაპონიაში ცხოვრობს. მან წლები საფრანგეთში გაატარა, თუმცა როგორც კი ივანიშვილის მილიარდებს პირველი პრობლემები შეექმნა და ევროპარლამენტში მისი დასანქციების მოთხოვნები გაჩნდა, ის საცხოვრებლად იაპონიაში გადავიდა.
ფაილებში, რომელიც "შაბათის ეთერმა" შეისწავლა, ვკითხულობთ, რომ ამერიკული სანქცირებიდან 4 დღეში დაფუძნებული კომპანიის დირექტორი, ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია. "ატუ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოში შეიყვანა დეიდაშვილი, არჩილ მამაცაშვილი და სიყრმის მეგობარი როსტომ ჩაბრაძეც, საჩხერის რაიონის სოფელ ღონადან. ამავე საბჭოს თავმჯდომარედ გააფორმეს, ასევე საჩხერელი ბესიკ დემეტრაშვილი.
- 31 დეკემბერს სასწრაფო წესით ახალი ჰოლდინგის დასაფუძნებლად მინდობილობა იაპონიიდან უტა ივანიშვილმა ოლიგარქის სანდო ქალს ნატო ხაინდრავას მისცა.
რატომ ჩქარობს ოლიგარქი და რისთვის დასჭირდა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, დასანქცირებიდან 4 დღეში სააქციო საზოგადოება?! ამ კითხვის დასასმელად "შაბათის ეთერი" ჯერ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს დაუკავშირდა. ბესიკ დემეტრაშვილმა შაბათის ეთერის ზარს არ უპასუხა. საბჭოს წევრმა ბესიკ ჩაბრაძემ ისიც კი არ იცის, რას საქმიანობს სააქციო საზოგადოება რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრადაც ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე იქცა.
19 დღის წინ დაფუძნებული სააქციო საზოგადოების ბალანსზე უკვე 100 მილიონი ლარია, ეს მხოლოდ საწესედებო კაპიტალია. ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ, კიდევ რა ქონება ან რამდენი მილიონი შეიტანეს 31 დეკემბერს უტა ივანიშვილის სახელზე დაფუძნებული "ატუ ჰოლდინგის" ანგარიშებზე. ან გადააფორმეს თუ არა ახალ "ატუ ჰოლდინგზე", მაგალითად ოლიგარქის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, საფრენი აპარატები, იახტები ან ფუფუნების სხვა საგნები.
საგამოძიებო ბიურომ შეისწავლა ყველა დოკუმენტი, რომელიც უტა ივანიშვილის მონაწილეობით ბოლო დროს შეიქმნა და სწორედ მათზე დაყრდნობით ამბობს ირაკლი აბესაძე, რომ ოლიგარქი სანქციებისთვის გვერდის ასავლელად დასანქცირებამდე ემზადებოდა, ახლა კი საკუთარი ფულის გადასამალად, სამაშველო ოპერაციას უტას სახელით ახორციელებს.
უტას მაშველი რგოლობა, მდიდარ მამას ყველაფერში ვერ დაეხმარება. ამერიკის სახელმწიფო ხაზინის მიერ, 27 დეკემბერს ამოქმედებული სანქციები უკვე ძალაშია: ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანს არ შეუძლია ისარგებლოს "ვიზა", "მასტერქარდისა" და "ამექსის" ბარათებით. არ შეუძლია განახორციელოს არცერთი საერთაშორისო გადარიცხვა, არ შეუძლია ფინანსური ოპერაცია აწარმოოს ისეთ კომპანიასთან, რომლის მეწილეც ამერიკის მოქალაქეა.
"შაბათის ეთერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, "საქართველოსა" და TBC ბანკებში ანგარიშები ბიძინა ივანიშვილმა სექტემბრის თვეში გააუქმა. შემდეგი "ლიბერთი ბანკია", აქ 68 წლის ივანიშვილს პენსია უნდა ერიცხებოდეს. აღმოჩნდა, რომ მას მოქმედი ანგარიში არც აქ აქვს.
ამ დროისთვის ივანიშვილს ჩვენი ვარაუდით, ანგარიში, მხოლოდ "ქართუ ბანკში" აქვს. ბანკის ერთ ერთ ფილიალში "შაბათის ეთერი" ფარული კამერით და ივანიშვილის პირადი ნომრით მივიდა, ისე რომ მოლარე ოპერატორმა არ იცოდა, ვინ იყო პირი, ვინც ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის ჩარიცხვას ითხოვდა.
კითხვაზე, ხომ აქვს ბიძინა ივანიშვილს ანგარიში ბანკის თანამშრომელი დადებით პასუხს სცემს ჟურნალისტს, შემდეგ კი ტერიტორიას ტოვებს, უკან დაბრუნებული ქართუ ბანკის ოპერატორი უკვე ამბობს, რომ ივანიშვილს მათთან ანგარიში არ აქვს.