ექსკლუზივი: პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელიც სპორტდარბაზთან დაჭრეს
პირველი ინტერვიუ ჯონი მარიდაშვილთან, რომელიც "პირველების" წყაროს ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, "ხარებას" დანაყოფმა დაჭრა.
33 წლის კაცი "ტვ პირველმა" მაშინ ჩაწერა, როცა ის კლინიკას ტოვებდა.
"პირველებთან" ინტერვიუში ფიტნეს ცენტრის ტრენერი ამტკიცებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს არაფორმალურ დაჯგუფებებთან, არ იცის, ვინ არის გიორგი შინჯიკაშვილი, არ იცნობს არც გიორგი უბილავას.
დაჭრილის მტკიცებით, მისთვის გაუგებარია, რატომ დაესხნენ თავს სამსახურიდან გამოსულს.
იგივეს ამბობს ჯონი მარიდაშვილის ძმაც - "პირველების" რესპოდენტი დადიანის ქუჩაზე ორ დაჯგუფებას შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ადასტურებს, თუმცა ამტკიცებს, რომ მის ძმას არცერთ მათგანთან შემხებლობა არ აქვს.
ამ კონკრეტულ ადამიანებს არც კი იცნობს, არანაირი შემხებლობა არ აქვს. ეს ვერანაირი საბუთით ვერ დამტკიცდება. ჩემი ძმა არც გიორგი შინჯიკაშვილს, არც გიორგი უბილავას და არც "ხარებას" არ იცნობს - არც ერთ მათგანთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
არ ვიცი, ვინ მოუწყო ჩასაფრება. ის რომ რაიმე წინაპირობა ყოფილიყო, ვინმესთან დაპირისპირება მსგავსი არ ყოფილა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ კონკრეტულ გვარებთან შემხებლობაში არ არის.
რაც ვიცი, ფეხში ჰქონდა ტყვია, როგორც ვიცი მხარშიც"- ამბობს დაჭრილის ძმა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის, "ხარებას" და ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ირკვევა, რომ ერთი დაჭრილის გარდა, არიან სასტიკად ნაცემებიც. შემთხვევა, 17 იანვარს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სპორტდარბაზთან მოხდა. წყაროს ცნობით, სწორედ აქ მუშაობდა 33 წლის ჯონი მარიდაშვილი, რომელსაც ჩასაფრება მოუწყვეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
როგორც წყარო "პირველებს" უყვება, დაჭრილი ჯონი მარიდაშვილი გიორგი უბილავას ახლო გარემოცვის წევრია. უბილავა კი თავის მხრივ შინჯიკაშვილის უახლეს გარემოცვას წარმოადგენს.