"შერატონი" ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რათა მსხვილკალიბრიანი დანაშაული მიჩქმალოს - ქემოკლიძე
ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან გიორგი გახარიაზე თავდასხმას პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები ორგანიზებულ კრიმინალურ აქტად აფასებენ.
ყოფილი პრემიერის თანაგუნდელი, კახა ქემოკლიძე დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიაზე ფიზიკური ანგარიშსწორება პოლიტიკურად მოტივირებულია, რომლის დამკვეთიც ბიძინა ივანიშვილია.
ამასთან, კახა ქემოკლიძე "ტვ პირველის" ეთერში სასტუმრო "შერატონს" ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამის თქმის საფუძველს მტკიცებულებების განადგურება იძლევა.
გიორგი გახარიას ბრიფინგს უნდა დაველოდოთ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული, სადაც იმასთან დაკავშირებით ისაუბრებს, თუ რა ტიპის კომუნიკაცია ჰქონდა პროკურატურაში. განცხადების პათოსი ნათელი და მკაფიოა. ჩვენ ამ თავდასხმას განვიხილავთ როგორც ორგანიზებულ, წინასწარ დაგეგმილ, ჯგუფურად ორკესტრირებულ კრიმინალურ აქტს, რომლის დამკვეთიც ერთი ადამიანი იქნებოდა, აქ საუბარია ივანიშვილზე.
ჩვენ იმედს არ ვკარგავდით, რომ მაღალი კალიბრის ბრენდი მოახერხებდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. მაგრამ, სამწუხაროდ, აქ იკვეთება მკაფიოდ, რომ ის ("შერატონი") პირდაპირი მნიშვნელობით ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რათა მსხვილკალიბრიანი დანაშაული მიჩქმალოს", - ამბობს კახა ქემოკლიძე.
ცნობისთვის, 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორებაში "ქართული ოცნების" პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.
21 იანვარს გიორგი გახარიას პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ყოფილ პრემიერზე თავდასხმის ჩანაწერები სერვერებიანად პროკურატურამ წაიღო, წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.
ამასთან, 22 იანვარს გიორგი გახარიამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ მასზე თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია.