სასამართლომ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა
ჟურნალისტი ნიკუშა კაცია პატიმრობაში რჩება - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. რაც შეეხება მტკიცებულებების დასაშვებობას, მოსამართლემ ყველა მათგანი საქმეს დაურთო.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის აცილება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, კაციამ თქვა:
„არც ერთ შემთხვევაში... ნუ განმიმარტავთ, რადგან უდანაშაულო ვარ",- განაცხადა კაციამ.
შემდეგი სასამართლო სხდომა 3 თებერვალს 11 საათზე ჩაინიშნა.
"ბრალდების მხარის პოზიცია იყო, რომ ახალი დანაშაულის და მიმალვის საფრთხე იყო. დაცვის მხარე არ დავეთანხმეთ. ბრალდების მხარემ მხოლოდ ვარაუდი და პირადი პოზიცია წარმოადგინა. დაცვის მხარემ დააყენა ბრალდების მხარის აცილების შუამდგომლობა იმ მოტივით, რომ ბრალდებული მუდამ აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ პოლიციელების მხრიდან მოხდა შესაძლო დანაშაულის ჩადენა, რაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოიკვლია, შესაბამისი გასაუბრების ოქმი გადააგზავნა პროკურატურასა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში, თუმცაღა, დღეის მდგომარეობითაც არანაირი რეაგირება არ მოუხდენია აღნიშნულ უწყებებს, საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ. იმავე დეპარტამენტი უწევს ხელმძღვანელობას შსს-ს გენერალურ ინსპექციას, შესაბამისად, ვფიქრობდი რომ არსებობდა ინტერესთან კონფლიქტი", - განაცხადა ადვოკატმა.
ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. ჟურნალისტს პროკურატურა ნარკოტიკების ფლობას ედავება, რაც 8- დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.