არ არის უსაფრთხო - აქცია ბათუმის "შერატონის" წინ
ბათუმის "შერატონის" შესასვლელი დარბაზი ისევ საპროტესტო სტიკერებით არის აჭრელებული. სასტუმროს პირველ სართულზე წითელი ლენტებია გავლებული წარწერებით - "არ არის უსაფრთხო". ამ ფორმით აქციით მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ შერატონის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რომელიც უკვე ერთ კვირაზე მეტია უარს ამბობს, მთავარი მტკიცებულებები, კამერების ჩანაწერები გადასცეს დაზარალებულ მხარეებს.
ადგილზე ბათუმის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელები იმყოფებიან. შს მაღალჩინოსანი არ ამბობს, გამოკითხეს თუ არა ჯგუფური ძალადობის მთავარი ფიგურანტები - დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, 15 იანვარს მომხდარ თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.
21 იანვარს გიორგი გახარიას პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ყოფილ პრემიერზე თავდასხმის ჩანაწერები სერვერებიანად სრულიად პროკურატურამ წაიღო, წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.