"ოცნებისთვის" კიდევ უფრო მძიმე სიურპრიზები იქნება - ელისაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმს "მძიმე სიურპრიზებს" უანონსებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ხალხის მწამებლებსა და რუსეთის მსახურებს როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად დასჯის.
"ქართული ოცნების" მავნებლების, ხალხის მწამებლების და რუსეთის მსახური ტიპების ძალიან მკაცრ დასჯას... შეერთებული შტატებისგანაც ყველაფერს უკვე თავისი სახელი ერქმევა, ევროკავშირის ქვეყნებისგანაც ორბანის და ვიგინდარების გარდა ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა. კიდევ უფრო მძიმე სიურპრიზები იქნება "ოცნებისთვის" - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ორშაბათს, 27 იანვარს, ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - წლის პირველ შეკრებაზე ევროპელი დიპლომატები, სავარაუდოდ, განიხილავენ, თუ კიდევ რა მექანიზმებია საჭირო იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა უკან დაიხიოს.
არსებობს მაღალი მოლოდინი, რომ ორშაბათს ევროკომისია საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე ახალი ინიციატივით წარდგება და შესაძლოა, დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებითი სასანქციო ზომების გატარება დაანონსდეს.