მანიფესტის შემდეგ კობახიძე ამტკიცებს, რომ ხელოვანებს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სურთ
არალეგიტიმური პრემიერი ამტკიცებს, რომ პარტიების და ენჯეობის შემდეგ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას უკვე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები გეგმავენ. ირაკლი კობახიძე გუშინ ვასო აბაშიძის ახალი თეატრის მსახიობების მიერ წარმოდგენილ მანიფესტს "კანვასის რევოლუციის" მცდელობად აფასებს, ხოლო ხელოვანებს "ფსევდო ელიტად" მოიხსენიებს. მისი თქმით, რევოლუციის ეს მცდელობაც წარუმატებელი იქნება და ყველამ თავის პროფესიას უნდა მიხედოს.
საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობა ჰქონდათ. ხან პარტიებით სცადეს რევოლუცია, ხან „ენჯეოებით“, ხან ჟურნალისტებით - საუბარია მედიამენეჯერებზე, ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე. ყველა საშუალებით სცადეს რევოლუცია, მაგრამ ესეც ჩავარდა. ახლა კი „კანვასის“ რევოლუციის მცდელობაა. ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციური ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ დღეს სახეზე. ფსევდო ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, მაგრამ ესეც წარუმატებლობისთვისაა განწირული. „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ მოხდება და ყველამ თავის პროფესიას მიხედოს. ჩვენ ყველას დავეხმარებით და ხელს გავუწვდით, საკუთარი პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ახალი თეატრის" დასის გეგმა ცნობილია - ხელოვანები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს იწყებენ.
ამავე თემაზე:
- დავიცავთ ანდროს, მის ოჯახის და მის ავტორიტეტს არ შევალახვინებთ - ნინო კასრაძე
- ანდრო ჭიჭინაძის და მისნაირი უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჯდომა ქვეყნის ჭრილობაა- ნანა ბუთხუზი
- სასამართლო საბჭოთა ცირკად, მოსამართლეები კი მოქეიფე გვამებად აქციეს - ეკა დემეტრაძე
- სისტემა უნდა დაინგრეს! - გიორგი ბახუტაშვილი
- ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან - კახა კინწურაშვილი