"ბინძური სისტემა, რომელიც ყველაფერს კადრულობს" - სამუშია ყაველაშვილის გამოცხადებულ შეწყალებაზე

26.01.25 13:19
"ბინძური სისტემა, რომელიც ყველაფერს კადრულობს" - სამუშია ყაველაშვილის გამოცხადებულ შეწყალებაზე

 

შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ წინასაარჩევნოს პატიმრების ოჯახების გამოყენება რუსული რეჟიმის ხელწერაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამ სენსიტიურ თემას "ოცნება" საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და ციხეებიდან იმ ხალხს ათავისუფლებს, რომელთა ოჯახებიც მათ არჩევნებზე ხმების მოგროვებაში დაეხმარნენ. 

რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია წინასაარჩევნოდ პატიმრების ოჯახების გამოყენება, მათი გასაჭირით სარგებლობა და მტკივნეული თემის გამოყენება. შემდგომ, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ოჯახის წევრები იძულებულები ხდებიან, ხმები მოუგროვონ, რომ თავიანთი ოჯახის წევრები დაიცვან და ა.შ. ეს არის ის ბინძური სისტემა, რომელიც ყველაფერს კადრულობს, ყველაფერს იყენებს, - ამბობს ლევან სამუშია.

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა პატიუმრებს ციხის კარი პოლიტიკური გარიგების საფუძველზე გაუხსნა. ციხიდან გათავისუფლებულები თავად ადასტურებენ, რომ შეწყალებაზე განცხადებები არ დაუწერიათ, მათ ციხის უფროსები იბარებდნენ და უკვე დაწერილ ტექსტებზე ხელს აწერინებდნენ. 

613 სისხლის სამართლის საქმე გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი პოლიციის მაღალჩინოსანი, შალვა ზამბახიძე რეჟიმმა მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით, ციხიდან 20 იანვარს გაათავისუფლა. "შაბათის ეთერის" ჟურნალისტი ზამბახიძეს ადმინისტრაციის თანამშრომლად გაეცნო, ზარის მოტივად კი ფაქტის გადამოწმება დაუსახელა. მან დაადასტურა, რომ შეწყალების აქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ დაუწერია. ციხეში დაბეჭდილი ფურცელი მიუტანეს და ხელი მოაწერეს, 17 იანვარს, 20-ში კი უკვე სახლში იყო. 

ანონიმური წყარო, რომელიც ამ პროცესის შესახებ ინფორმაციას ფლობს, "შაბათის ეთერს" წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ ყაველაშვილის ხელით ციხიდან ის ხალხი გამოუშვა, ვის გათავისუფლებასაც  მათ ოჯახებს ხმების სანაცვლოდ არჩევნების წინ დაჰპირდა, ოღონდ ციხიდან ყველა არ გამოუშვეს. პირობა მხოლოდ მათ შეუსრულეს, ვინც ისედაც მათგანი იყო. 

დიდი სკანდალის მიუხედავად, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს მუხლებს, რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები გაათავისუფლეს. ამ თემაზე აკრძალული აქვთ საუბარი ციხის უფროსებსაც.